მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი Coca-Cola 1863 წელს, პარიზში შეიქმნა და სასმელის პირვენდელი ვერსია კოკაინის საკმაო დოზას შეიცავდა, შესაბამისად, ალკოჰოლურ-ნარკოტიუკულ სასმელს წარმოადგენდა.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, 1863 წელს, ბორდოს მარკის ღვინისა და კოკაინის საფუძველზე შექმნა პარიზში მცხოვრებმა კორსიკელმა მეწარმემ ანჯელო მარიანიმ და მას Coca Wine ეწოდებოდა - ღვინო და კოკაინი.
Coca Wine-ი პარიზის ელიტარულ წრეებში მალევე გახდა პოპულარული და შემდეგ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელდა.
ანჯელო მარიანის მიერ შექმნილი სასმელი, ფაქტობრივად, სუფთა კოკაინზე უფრო ძლიერი მოქმედების იყო, რადგან ალკოჰოლისა და კოკაინის შერწყმის შედეგად წარმოიქმნებოდა კოკაეთილენის სახელით ცნობილი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში სამჯერ მეტი დროის განმავლობაში რჩება და 30%-ით უფრო ტოქსიკურია, ვიდრე სუფთა კოკაინი.
ყველაფრის მიუხედავად, Coca Wine უამრავი ცნობილი ადამიანის საყვარელი სასმელი გახდა. მათ შორის იყო თომას ედისონი, ჟიულ ვერნი, სარა ბერნარი და თავად დედოფალი ვიქტორია. რომის პაპმა ლეონ XIII-მა პირადად მოიწონა კოკაინიანი ღვინო, სასმელი ვატიკანის ოქროს მედლით დააჯილდოვა, რითაც, ფაქტობრივად, მისი სარეკლამო სახე გახდა.
1880-იან წლებში კი, ჯორჯიის შტატში მცხოვრებმა ამერიკელმა ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა მარიანის რეცეპტზე დაფუძნებული ახალი სასმელის რეცეპტი შეიმუშავა და „პემბერტონის ფრანგული კოკა-ღვინო“ დაარქვა. 1886 წელს, როცა ჯორჯიის შტატში ალკოჰოლი აიკრძალა, პემბერტონმა სასმელის უალკოჰოლო ვარიანტი მოიფიქრა, ღვინო სიროფით შეცვალა, ცოკაინის დოზა კი დატოვა და ახალ სასმელს Coca-Cola უწოდა. მოკლედ, კოკაინი ახალი სასმელის ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტად ორი ათეული წლის განმავლობაში კვლავ რჩებოდა.
პემბერტონის მემკვიდრეებმა 1903 წელს გადაწყვიტეს სასმელიდან კოკაინის ამოღება.
1914 წელს კი, ამერიკასა და საფრანგეთში კოკაინი ოფიციალურად აიკრძალა, შესაბამისად, უკვე უალკოჰოლო და უნარკოტიკო Coca-Cola-ს ახალი ვერსიის აღმავლობას ხელს არაფერი უშლიდა, ასე გახდა კოკა-კოლა მსოფლიოსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი, რომელიც საუკუნეზე მეტია მსოფლიო ბაზარზე ლიდერთა შორისაა.