გორის კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. როგორც ცნობილია, რეაბილიაცია მიმდინარე წლის 15 ივლისიდან დაიწყო, ამავე დღეს დაიკეტა პარკი მოქალაქეებისთვის.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, „ახალბაღის პარკის რეაბილიტაცია ქალაქ გორში“ პარკის სრულ რეაბილიტაციას და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას ითვალისწინებს, მათ სორის, შესასვლელი კოლონადის რეაბილიტაციას, შადრევნების რეაბილიტაციას, გარე ღობის რეაბილიტაციას, ადმინისტრაციული და სასაწყობე შენობის რეაბილიტაციას, პავილიონი #1-ის (ყოფილი კაფე – „ოდესა“) რეაბილიტაციას, პავილიონი #2-ის (ყოფილი ტირი) რეაბილიტაციას, არსებული საპირფარეშოს ნაგებობის რეაბილიტაციას, საბავშვო აქტივობისა და სპორტული აქტივობის ბაქნების მოწყობას, დასასვენებელი ბაქნებისა და მათზე მდგომი ფანჩატურების მოწყობას, ამფითეატრის რეაბილიტაციას, არსებული ავტოდრომის რეაბილიტაციას, ზოოპარკის სავალი ნაწილებისა და ღობის მოწყობას, არსებული ბიუსტისა და ქანდაკების რეაბილიტაციას, ხელოვნურ ტბაზე არსებული ნაგებობების რეაბილიტაციას, ხელოვნური ტბის მკვებავი არხისა და ნაპირსამაგრი ფილების რეაბილიტაციას, არსებული სპორტულ-სატრენაჟორო მოედნის რეაბილიტაციას, ასევე ახალი საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობას.
პროექტი ასევე გულისხმობს აღნიშნული ტერიტორიიის საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას - ელექტრო სისტემა, სანიაღვრე სისტემა და წყალკანალიზაცია, ასევე გარე განათებას, საპარკე სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსებას, სათამაშო და სპორტულ ბაქნებზე შესაბამისი ფურნიტურის განთავსებას. განსაზღვრულია სარეაბილიტაციო პავოლიონებისათვის #1 და #2-ის უზრუნველყოფა ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, ელექტრო და წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ახალი ველობილიკისა და ტერიტორიაზე სამანქანე შემოსასვლელის - ბოლარდის (პარკინგის ბარიერი) მოწყობას.
ცნობისთვის, სამუშაოებს შპს Award ახორციელებს. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სამუშაოები დაწყებიდან ერთ წელში უნდა დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ზაფხულში, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა შესრულებული და ახალბაღის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებული უნდა იყოს.