საზოგადოება
28.11.2019 13:41
ვაშაძის გვერდით რომ ხელგადახვეული დგახარ, არ გრცხვენია?! - დაპირისპირება გორის ბაზარში

,,სამოქალაქო მოძრაობის" წევრების აქცია გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე აგრარულ ბაზარში დაპირისპირებით დასრულდა.

მოძრაობის ხელმძღვანელების თქმით, აქცია დაიგეგმა კამპანიის - ,,ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” ფარგლებში. აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გორში გეგმავდნენ, რომ მოსახლეობისთვის  მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის კორუფციული სქემები გაეცნოთ და ადგილობრივებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ პროპორციული სისტემის უპირატესობებზე.

ალეკო ელისაშვილისა და ,,სამოქალაქო მოძრაობის“ წევრების გორის აგრარულ ბაზარში ყოფნისას რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. მოქალაქეების ნაწილი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა. სიტყვიერის გარდა, ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას და ფიზიკურ დაპირისპირებას. ვითარების განმუხტვა ბაზრის ტერიტორიაზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა შეძლეს.
,,ჩვენ, ,,სამოქალაქო მოძრაობა" ვაგრძელებთ მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას, ამჯერად მაკრახიძის და ხუბულურის ჯერია, გორის მაჟორიტარების, რომლებიც ქალაქისთვის და რაიონისთვის თითს თითზე არ ადებენ, სამაგიეროდ სახლში ეზიდებიან და ეზიდებიან. პირდაპირ აუდიტის დასკვნები არის, როგორ მიაქვს მილიონები და მხოლოდ მათზე მორგებული ტენდერები როგორ ტარდება. რაც შეეხება აქ მომხდარ ინციდენტებს, როგორც წინა ჯერზე ბოდბისხევში, აქაც იგივე მოხდა - საკრებულოს წევრები, რომლებიც შორიახლო ტრიალებდნენ, აქეზებდნენ მერიის აიპებში და სიპებში დასაქმებულ ახალგაზრდებს და ქალებს და ისინი გვეკამათებოდნენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი გორში ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გამოც გააკრიტიკეს.

,,მე არსად ვმუშაობ ახლა, გავიარე და ხალხმრავლობა შევნიშნე, ამიტომ მოვედი, სამაშველოს უფროსი ვიყავი გორში, მაგრამ გამათავისუფლეს, თუმცა, საქართველოს გვერდში ვდგავარ და რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ ამ ქვეყნისთვის. შენც თუ საქართველოს კეთილდღეობისთვის იბრძვი, ნაცების გვერდით რატომ დგახარ, ვაშაძის გვერდით რომ ხელგადახვეული დგახარ, არ გრცხვენია? - მიმართა ელისაშვილს გორში მცხოვრებმა ლევან ჯომარდაშვილმა.
,,მე ცხინვალიდან დევნილი ვარ, მადლობელიი ვარ რომ ჩამოვიდნენ, იქნებ რამე გვეშველოს, გააღატაკეს ხალხი, აზროვნების უნარი წაართვეს, ელისაშვილიც იმიტომ ჩამოვიდა, რომ ჩვენ რამე გვეშველოს და დაპირისპირება და ცემა-ტყეპა გაუმართეს“, - განაცხადა აგრარულ ბაზარში მყოფმა ცისანა ტაბატაძემ.

,,ჩვენ არ გვესმის რას ნიშნავს მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნები? გგონიათ, არ გვაქვს შესაბამისი განათლება და არ გვესმის? ან ის არ გვესმის, რისთვის დადიხართ ასე რეგიონებში? - პროვოკაციისა და დაპირირსპირებისთვის“ - განაცხადა ელისაშვილთან საუბრისას ბაზრის ტერიტორიაზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ნინო ზერეკიძემ.

კვირის ამბები