ამ ეტაპზე, ოთხი სკოლა სრულად და სხვადასხვა სკოლის 110 კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადაყვანილი, - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა. ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევის დაფიქსირებისას, კონკრეტულ ლოკაციაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება.
,,ვირუსული ინფექციის შემთხვევების დაფიქსირების გამო, გორის მუნიციპალიტეტში ოთხი სკოლა სრულად და სხვადასხვა სკოლის 110 კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადაყვანილი. ინფიცირების შემთხვევის დაფიქსირებისას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ყველანაირად ვცდილობთ, რომ წერტილოვანი ჩაკეტვებით, რეგულაციების დაცვით, მაქსიმალური სიფრთხილით, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ სწავლის პროცესი სასკოლო გარემოში, რადგან ეს აუცილებელია არა მხოლოდ განათლების ხარისხისთვის, არამედ ჩვენი შვილების ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის. თუმცა, თუ საჭიროება დგება, ბუნებრივია, ვირჩევთ ფიზიკურ ჯანმრთელობას და დაუყოვნებლივ ვკეტავთ კონკრეტულ კლასს ან სკოლას“, - განაცხადა რესურსცენტრის დირექტორმა.