1001 ქართული ორნამენტისგან შემდგარი კერამიკული პანო გორში დიდი პოპულარობით სარგებლობს - გორის მერიის და USAID-ის მხარდაჭერით შექმნილი პანოს ისტორია
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში ხშირად ვხვდებით გორში, ამილახვრის ქუჩაზე მდებარე გოგებაშვილის სკვერში განთავსებულ პანოსთან გადაღებულ ფოტოებს.
1001 ქართული ორნამენტისგან შემდგარი უნიკალური მხატვრული პანო აღნიშნულ ლოკაციაზე თვენახევრის წინ განთავსდა და საზოგადოების დადებითი შეფასება დაიმსახურა. ნამუშევრის ავტორი ახალგაზრდა ხელოვანი ირინა შოთაძეა. „1001 ქართული ორნამენტი“ კი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა.
„ყოველთვის მომწონდა მასშტაბური კერამიკული პანოები, კომპოზიციები და სულ მიკვირდა, რატომ არ შეიძლებოდა ჩვენს ქვეყანაშიც გაკეთებულიყო მსგავსი რამ, რომელიც იქნებოდა შინაარსიანი, კულტურული, ისტორიული, თანამედროვე, ფერადი. მსგავსი მასშტაბური პანოს შექმნის იდეა კი ჯერ კიდევ პანდემიამდე, სწორედ მაშინ დაიბადა, როდესაც ჩემი კერამიკული ნამუშევრებისთვის ესკიზებს ვარჩევდი. ბუნებრივია, ქართულ თემატიკას და რაღა თქმა უნდა, ჩვენს უნიკალურ ორნამენტებს ვუტრიალებდი. წარმოვიდგინე რა ზღაპრული სილამაზე ექნებოდა კედელზე მათ ერთობლიობას. მერე გაჩნდა ორი ძირითადი კითხვა: რამდენი ფილა უნდა გამეკეთებინა და რა უნდა დამერქმია ამ პროექტისთვის. ამ კითხვებზე პასუხი ისევ სიტყვა „ზღაპრულმა“ გამაცემინა - რა თქმა უნდა 1001“, - აღნიშნა GMnews- სთან საუბრისას ირინა შოთაძემ.
ახალგაზრდა ხელოვანის თქმით, ნამუშევრის მთავარი გზავნილი - თითოეულ ფილას დამთვალიერებლისთვის საკუთარი ქვეყნის ისტორია მოეყოლა, შესრულებულია. ირინა შოთაძე იმედოვნებს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, როდესაც გორის ქუჩებში ტურისტების სიმრავლე კვლავ დაბრუნდება, პანო უცხოელების ყურადღების ცენტრშიც მოექცევა.
„როდესად პროექტი სრულად იყო ჩამოყალიბებული, აღნიშნული იდეა შევთავაზე გორის მერიას. ჩემი წინადადება გაიზიარეს, რის შემდეგაც, პროექტი გორის მერიის კულტურული ღონისძიებების, პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. გორის მერიის მიერ პროექტის ვიზირების შემდეგ კი, მონაწილეობა მივიღე USAID Zrda-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რის შემდეგაც მოვიპოვე გრანტი და შევიძინე კერამიკის გამოსაწვავი ღუმელი. ამ ღუმელმა გამიიოლა და რაც მთავარია ძალიან დააჩქარა პროექტზე მუშობის ტემპი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს დანადგარი დღემდე ძალიან დიდი ხელშეწყობაა ჩემთვის“, - ამბობს ახალგაზრდა ხელოვანი.
როგორც ირინა შოთაძემ აღნიშნა, პროექტში არაერთი ადამიანის შრომაა ჩადებული. 1001 კერამიკული ფილა ქართული ორნამენტებით ანანო დათაშვილმა, ანა ხოზიაშვილმა, ელისაბედ გოცირიძემ, მარიამ მელაძემ, ნინი ლოლაძემ, მაშიკო მინდიაშვილმა, სოფო ბაიდარაშვილმა, ნინო ლომიძემ, გიორგი თურაზაშვილმა, ნატო ჯილავდარმა, მარიამ ჭალიძემ და ანა ინაურმა მოხატეს.