საზოგადოება
21.10.2021 11:42
ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან, საწარმოები დენის საფასურს დღის და ღამის საათებში სხვადასხვა ტარიფით გადაიხდიან

2022 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება. ბირჟის ამოქმედების შემდეგ, საწარმოებს შესაძლებლობა ექნებათ, დღის და ღამის საათებში ელექტროენერგიის განსხვავებული ტარიფით ისარგებლონ.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელის, ირინა მილორავას ინფორმაციით, დღის და ღამის საათებში ელექტროენერგიის განსხვავებული ტარიფით სარგებლობა მას შემდეგ შეეძლებათ, რაც ამჟამად არსებული მრიცხველები ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლდება.

„ბირჟის ამოქმედებისთანავე, ფასები ყოველსაათობრივად ჩამოყალიბდება და შესაბამისად, დადგინდება, როგორი იქნება დღისა და ღამის ტარიფები. ღამის ტარიფი უფრო დაბალია, ვიდრე დღის და განსაკუთრებით - პიკის საათის ტარიფი. შესაბამისად, ის საწარმოები, რომლებიც ივაჭრებენ საბითუმო ბაზარზე, ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით. თუ საწარმოს ტექნოლოგიური ციკლი იძლევა შესაძლებლობას, რომ საწარმომ მოხმარება გადაიტანოს არაპიკურ საათებში, იგი ასეც უნდა მოიქცეს და ამ გზით შეამციროს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. რაც შეეხება იმას, თუ როდის აისახება მოსახლეობაზე საბითუმო ბაზარზე ჩამოყალიბებული განსხვავებული ტარიფები, ეს დამოკიდებულია სემეკზე, როდის გაითვალისწინებს ამ საათობრივ განსხვავებულ ტარიფებს სამომხმარებლო ტარიფში. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, ეს არის ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები. მომხმარებელმა რომ ისარგებლოს ამ შესაძლებლობით, მომხმარებლის მრიცხველი უნდა აღრიცხავდეს საათობრივად ელექტროენერგიას. საათობრივად თუ არა, მრიცხველი მინიმუმ დღის, ღამის და პიკის პერიოდებს უნდა აღრიცხავდეს იმისთვის, რომ გავარკვიოთ დღისით მოქალაქემ რამდენი მოიხმარა, ღამით რამდენი მოიხმარა, პიკის საათებში რამდენია მოხმარება და ა.შ.“, - აცხადებს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი.

კვირის ამბები