პარლამენტი ხელოსანთა ლიცენზირების საკითხს განიხილავს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა.
როგორც წინადადებაშია აღნიშნული, დროა, ვიფიქროთ საკანონმდებლო პროექტზე, რომელიც დაარეგულირებს ხელოსანთა ლიცენზირების და პროფესიონალიზმის საკითხს. წინადადების ავტორის, მარიამ ჭყონიას აზრით, უნდა მოხდეს ხელოსანთა აღრიცხვიანობის ან/და ლიცენზირების გაცემის საკითხთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს უკვე დაევალა, განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება.
საკანონმდებლო წინადადების შეფასებით, ამ ინიციატივის საფუძველი გახდა ბათუმის ტრაგედია. შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. მომხდარს 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულია მეპატრონე იმ ბინის, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და 2 მუშა, რომელთაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.