საზოგადოება
20.10.2021 13:59
2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებებია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის მეტი არჩევანის შესაძლებლობებს სთავაზობს.
2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის. კონკრეტულად, მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
„მაგალითისათვის, აბიტურიენტებს საბუნებისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის მესამე სავალდებულო საგნად შესაძლებლობა აქვთ, გარდა მათემატიკისა და ისტორიისა, აირჩიონ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. ხოლო სახელოვნებო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, ისტორიისა და მათემატიკის გარდა, არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება ლიტერატურას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას შორის და ა.შ. აღნიშნული ცვლილება, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს გაუზრდის მათთვის სასურველი ჩასაბარებელი საგნების არჩევანის შესაძლებლობას, დაეხმარება უნივერსიტეტში სწავლის პროცესში და გაზრდის ინტერესს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა საგნის მიმართ“, - აცხადებენ უწყებაში.
როგორც ცნობილია, 2022 წელს, ასევე,
დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხება გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც.
კვირის ამბები