სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, გორში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, გორში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სტალინის გამზირზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია უტარდება. მოსამზადებელი - საიზოლაციო, ლესვითი და სხვა სამუშაოები თითქმის დასრულებულია.
GMnews-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია როგორც მუზეუმების, ისე საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო დაწესებულებების, პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ფუნქციების შექმნის მიმართულებით, რომელიც სკვერებში და პარკებში განახლებული და ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ ახალი სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს ბავშვებისთვის, დამსვენებლებისთვის, ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის.
შეგახსენებთ, 4 წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს, კასპში მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში მდებარე შენობებისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. დაწყებულია ქარელის ცენტრალური მოედნის, მიმდებარე შენობებისა და სკვერის, ხოლო ხაშურში - რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია.