საზოგადოება
19.10.2021 15:59
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31.8%

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 203 ადამიანი აიცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31.8%.

„საქართველოში აცრამ მკვეთრად იკლო ოქტომბრის დასაწყისიდან. ოქტომბერში ყველაზე მეტი, დღიურად 9 000-ზე მეტი აცრა მხოლოდ ორჯერ გაკეთდა. დანარჩენ დღეებში, სხვადასხვა დროს, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3 000-დან 8 000-მდე იყო, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 920 934 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 013 507 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35.7%. სრულად ვაქცინირებულია - 907 106, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.8%-ია“, - ნათქვამია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში 13 სექტემბრიდან ვაქცინირებული პირებისთვის ლატარია დაიწყო, გუშინ კი - ქვეყნის 49 სოფელში ვაქცინაციის მარათონი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც, შიდა ქართლის 4 სოფელში, კავთისხევში, ხიდისთავში, კარალეთში და ხელთუბანში, სპეციალურად გამოყოფილი მოძრავი ამბულატორია განთავსდა. წამოწყების ფარგლებში, სოფლის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც  ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლიათ, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობას აძლევს.

ცნობისთვის, საქართველოში ნებაყოფლობითი ვაქცინაცია მიმდინარეობს „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით.

კვირის ამბები