საზოგადოება
19.10.2021 13:02
ერთ კვირაში გორის მუნიციპალიტეტის მერს უფლებამოსილება შეუწყდება, სად განაგრძობს მუშაობას კონსტანტინე თავზარაშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გორის №32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი 16 ოქტომბერს გამოსცა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ოქმის გამოცემიდან 11 დღეში, გორის მუნიციპალიტეტის მოქმედ მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდება და მის ადგილს 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში გორის ოლქში გამარჯვებული კანდიდატი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაიკავებს.

როდესაც 28 სექტემბერს, „ლომჭაბუკის“ სკვერში, თავზარაშვილმა მერის პოზიციაზე მუშაობის 4 წელი შეაჯამა, ღონისძიების დასრულების შემდეგ, შიდა ქართლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი რჩება გუნდში და ერთ-ერთ სამსახურს უხელმძღვანელებს.

„გორის მაცნეს“ წყაროს ცნობით, ერთ-ერთი სამსახური, სადაც, შესაძლოა, თავზარაშვილმა მერის პოზიციიდან გადაინაცვლოს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტია.

რაც შეეხება თავად მერს, იგი აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

კვირის ამბები