საზოგადოება
19.10.2021 12:22
კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირების გამო, გორის მუნიციპალიტეტში ორი სკოლა სრულად და 50-მდე კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, გორის მუნიციპალიტეტის სკოლების კიდევ რამდენიმე კლასი გადავიდა სწავლების დისტანციურ მოდელზე, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირების გამო, გორის მუნიციპალიტეტში ორი სკოლა სრულად და 50-მდე კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

„სამწუხაროდ, კიდევ დაფიქსირდა სკოლებში ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები, რის გამოც, აქამდე არსებულის გარდა, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე სკოლებში რამდენიმე კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. მთლიანობაში, ამ დროისთვის, ვირუსული ინფექციის შემთხვევების გამო, ორი სკოლა - გორის პირველი და კარალეთის პირველი საჯარო სკოლები სრულად დისტანციურ სწავლებაზეა. აღნიშნულის გარდა, სხვადასხვა სკოლის 50-მდე კლასი სწავლობს დისტანციური მოდელით. აქვე დავამატებ იმას, რომ მშობლების მოთხოვნით, დისტანციურ მოდელზეა გადასული შინდისის საჯარო სკოლაც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მშობლებს, რომ ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, თავი შეიკავონ ბავშვის სკოლაში გაშვებისგან.

რაც შეეხება სასკოლო პერსონალის ტესტირებას, კვლავ გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში“, - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა.

კვირის ამბები