საზოგადოება
19.10.2021 11:28
შინდისის საჯარო სკოლა დღეიდან სწავლას სრულად დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს

მშობლების მოთხოვნის საფუძველზე შინდისის საჯარო სკოლა დღეიდან სრულად დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს სწავლას, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში ვირუსის გამოვლენის მაჩვენებელი იმ ნიშნულს არ აღწევს, რომ ეპიდემიოლოგებმა სკოლის დახურვის გადაწყვეყილება მიიღონ, თუმცა, მშობლების მოთხოვნით, სკოლის ყველა მოსწავლე დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს სწავლას.

„მიუხედავად იმისა, რომ შინდისის საჯარო სკოლაში ვირუსის დადასტურების ბევრი შემთხვევა არ გვაქვს და არც ეპიდემიოლოგები თვლინ საჭიროს სკოლაში სწავლების დისტანციური რეჟიმის ამოქმედებას, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული სკოლა, დღეიდან სრულად დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს სწავლას. ეს არის პირველი შემთხვევა მიმდინარე სასწავლო წელს, როცა მთელი სკოლა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის ნაცვლად, მშობლების სურვილით გადადის დისტანციურ სწავლებაზე.

ცნობისთვის, მშობლებს დისტანციურ სწავლაზე გადასვლის სურვილის დაფიქსირება შეუძლიათ ყოველ ხუთშაბათს. მშობელს განაცხადის დაფიქსირება შეუძლია როგორც სატელეფონო ზარით სკოლის ადმინისტრაციასთან, ასევე, სკოლაში ვიზიტით, გარდა ამისა, დისტანციური სწავლების მსურველებს შეუძლიათ ონლაინრეგისტრაცია გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge.

დღეის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დისტანციური სწავლების მოდელი 104 მოსწავლის მშობელს აქვს არჩეული.

კვირის ამბები