30 ოქტომბერს, 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის.
შიდა ქართლის რეგიონში, მერის არჩევნების მეორე ტური ორ მუნიციპალიტეტში - ქარელსა და ხაშურში გაიმართება. ქარელის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ (საარჩევნო ნომერი 5) ნიკოლოზ ახალკაცსა და „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრ (საარჩევნო ნომერი 41) ზაზა გულიაშვილს შორის მოუწევთ.
რაც შეეხება ხაშურს, აქ ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით (საარჩევნო ნომერი 5) იოსებ ბუაძე და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით (საარჩევნო ნომერი 41) თენგიზ ჩიტიაშვილი დაუპირისპირდებიან.
აქვე გეტყვით, რომ არჩევნების მეორე ტური კასპის, ქარელისა და ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიებში შემავალ 4 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება, აქედან 1 კასპში - №5 მაჟორიტარულ ოლქში (კანდიდატები: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ბადრი ჯანიაშვილი, საარჩევნო ნომერი 41 და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ვალერი ბაკიძე, საარჩევნო ნომერი 5); ქარელში 2 - №1 მაჟორიტარული ოლქში ერთმანეთს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ (ყარამან როინაშვილი) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (თემურ ხოსრუაშვილი) წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან. ქარელის №3 მაჟორიტარულ ოლქში კი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მურთაზ ცისკაძე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით კი - გიორგი გრიგალაშვილი იბრძოლებენ. ერთ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური ხაშურში - №7 მაჟორიტარულ ოლქში მანდატისთვის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით დავით მეტრეველი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კი - თემურ ვარდოშვილი იბრძოლებენ.
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, 2 ოქტომბრის მსგავსად, 30 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე სრულად დაცული იქნება კოვიდრეგულაციები.