გორის №32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი უკვე გამოსცა. დოკუმენტით დასტურდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 წევრისგან დაკომპლექტდება. რაც შეეხება მანდატების გადანაწილებას, გორის №32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის ინფორმაციით, ახლადარჩეულ საკრებულოში პროპორციული სიით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 13 წევრი შევა; 8 წარმომადგენელი ეყოლება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 3 წევრით იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს, 12 მაჟორიტარულ ოლქში 11 მანდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა მოიპოვა, 1 ოლქში კი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
საბოლოოდ, გორის მუნიციპალიტეტის 36 წევრიან საკრებულოში 24 წევრი იქნება „ქართული ოცნებიდან“, 9 - „ენმ“-დან და 3 წევრი პარტიიდაბ „გახარია - საქართველოსთვის“.
ცნობისთვის, გორის №32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი 16 ოქტომბერს გამოსცა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ოქმის გამოცემიდან 11 დღის ვადაში შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი. რაც შეეხება საკრებულოს, კანონმდებლობის მიხედვით, ახლადარჩეული საკრებულო მერის უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიკრიბოს.