საზოგადოება
18.10.2021 11:33
ვინ აიცრება საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და 60 წელს ზემოთ მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან.

ზახაშვილის განმარტებით, ყველაზე მაღალ რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან ჯანდაცვის მუშაკები, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები.

„ასევე, გრიპის ვაქცინა უფასოდ მიეწოდება C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეშ მყოფ ადამიანებს, ასევე - აივ ინფიცირებულებს. ნებისმიერ 60 წელს ზემოთ მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს, ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, შეუძლია მივიდეს ამცრელ პუნქტში. ანალოგიურად შეუძლიათ დიაბეტის მქონე პირებსაც.

გრიპის ვაქცინას უფასოდ მიიღებს ის კონტიგენტი, რომელიც დასაქმებულია მაღალი რისკის ზონაში. მაგალითად, სკოლის პედაგოგებს და ბაღის აღმზრდელებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ პუნქტებს და მიიღონ გრიპის ვაქცინა“, - განცხადა ზახაშვილმა.

ამ ეტაპზე, საქართველოში გრიპის 43 ათასი დოზა ვაქცინაა შემოსული, ქვეყანა კიდევ 150 ათასზე მეტ ვაქცინას უახლოეს პერიოდში ელოდება.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 2021 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო.

კვირის ამბები