დღეიდან ორი კვირის განმავლობაში, სრულად დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება სწავლა გორის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, - აღნიშნული გადაწყვეტილება გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, სკოლაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.
როგორც GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, ვირუსის ახალი შემთხვევების დადასტურების გამო, ასევე სწავლების დისტანციური რეჟიმი ამოქმედდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული რამდენიმე სკოლის სხვადასხვა კლასში.
„სამწუხაროდ, თანდათან იმატებს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა სკოლებში. ვირუსი უდასტურდება როგორც მასწავლებელებს, ასევე მოსწავლეებს. კოვიდ 19-ის გახშირებული შემთხვევების გამო, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, დღეიდან სრულად დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს სწავლას გორის პირველი საჯარო სკოლა. გარდა ამისა, ორი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება ონლაინ ფორმატით სწავლა გორის მესამე საჯარო სკოლის კიდევ ერთ კლასში, ასევე, მეშვიდე საჯარო სკოლის სამ კლასში; მეთერთმეტე საჯარო სკოლის ორ კლასში; ახალდაბის საჯარო სკოლის ერთ კლასში; ნიქოზის საჯარო სკოლის ერთ კლასში; გარეჯვრის საჯარო სკოლის ორ კლასში და ხიდისთავის საჯარო სკოლის სამ კლასში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მშობლებს, მოსწავლეებს და ბუნებრივია, სკოლის პერსონალს, დაიცვან არსებული რეგულაციები. მოსწავლეები არ გაუშვან სკოლაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრი არის კოვიდდადებითი. გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების დადასტურების გამო, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს სწავლას, ონლაინ რეჟიმით სწავლობს სხვადასხვა სკოლის კიდევ არაერთი კლასი.