საზოგადოება
15.10.2021 16:50
გაიხარჯა თუ არა გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი და რომელ მუხლებშია დარჩენილი ასათვისებელი თანხები

ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარებების გაცემას აგრძელებს. როგორც GMnews-თან გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, მოქალაქეთა მიმართვიანობა ძირითადად, ქირავნობის, მარტოხელა დედების და ონკოლოგიური პაციენტების, ასევე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მხრიდან შესაბამისი თხოვნით დაფიქსირდა.

დავით ჩიხრაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოციალური პროგრამის ყველა მუხლში არის თანხა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მოხდება როგორც მუხლიდან მუხლში გადატანა, ასევე, დამატებითი თანხის მობილიზება.

 „წელს მოქალაქეთა მომართვიანობა უმეტესად სამ მიმართულებაზე დაფიქსირდა  - ქირავნობა, მარტოხელა დედების დახმარება და ონკოლოგიური პაციენტების დახმარება. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ სხვა მუხლებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარების მსურველთა განცხადებების ოდენობაც. მინდა გითხრათ, რომ საჭიროების მიხედვით გვაქვს გადანაწილებული თანხები სხვადასხვა მუხლში, თუმცა, არის შემთხვევები, როცა ხდება მუხლიდან მუხლში თანხის გადატანა. ამ დროისთვის, ყველა მუხლში გვაქვს საკმარისი თანხა მოქალაქეთა დასაკმაყოფილებლად, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მოხდება როგორც მუხლიდან მუხლში გადატანა, ასევე, დამატებითი თანხის მობილიზება.

შემიძლია გითხრათ, რომ სოციალური პროგრამის ბიუჯეტის 90%-ზე მეტი უკვე ათვისებულია“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას დავით ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამა არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური დახმარებების განხორციელებას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით. ცნობისთვის, მერიის სოციალური პროგრამით სარგებლობენ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში რეგისრტირებული შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები: ონკოლოგიური ავადმყოფები (გამოკვლევები,მკურნალობა, მედიკამენტები;) შშმ პირები; დიალიზზე მყოფი პირები; სოციალურად დაუცველი მოსახლეობა (გამოკვლევები,მკურნალობა, მედიკამენტები გარკვეული კატეგორიას;) დედ-მამით ობოლი ბავშვები; ვეტერანები; მრავალშვილიანი ოჯახები; ასი და ასზე მეტი წლის მოხუცები; რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები; მარტოხელა მშობლები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლები; უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა (ქირით უზრუნველყოფა); ყოფილი მსჯავრდებულები; სტუდენტები და სპორტსმენები (სოციალურად დაუცველი); ხანძრებისა და ბუნებრივი მოვლენებით დაზარალებული პირები.

კვირის ამბები