ამ წუთებში, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შემოდგომის ტურისტული გამოფენა-ბაზრობა მიმდინარეობს. ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხელნაკეთი ნივთების ოსტატები და მხატვრები მონაწილეობენ. გამოფენის დათვალიერების პარალელურად, დამსწრე საზოგადოებას ასევე შეუძლია მოუსმინოს ჯგუფ „ფორტეს“ და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ბავშვთა ანსამბლის მუსიკალურ შესრულებას.
როგორც GMnews-სთან გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ განაცხადა, გამოფენა - ბაზრობაზე წარმოდგენილი ექსპოზიციების გაცნობასა და ექსპონატების შეძენას ქართველი და უცხოელი სტუმრები 17:00 საათამდე შეძლებენ.
„მოგეხსენებათ, ეს არის ტრადიციული ღონისძიება, რომელიც წელს უკვე მეოთხედ იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებაა. მხარდამჭერები კი, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და გორის მუნიციპალიტეტის მერია არიან. ბუნებრივია, ღონისძიება არსებული რეგულაციების სრული დაცვით იმართება. უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უამრავი ქართველი და უცხოელი დამთვალიერებელი სტუმრობს, რომლებსაც თხუთმეტამდე ხელოვანის ნამუშევრების ნახვა შეუძლიათ“, - აღნიშნა რობერტ მაღლაკელიძემ.