ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპზე განაცხადის გაკეთების საშუალება იმ მასწავლებლებსაც მიეცემათ, რომლებმაც კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები უკვე ჩააბარეს. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, პედაგოგებს რეგისტრაცია ტესტირების შედეგების გამოქვეყნების შემდგომ შეეძლებათ.
„ახლა გამოცხადებულია ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი და თვის ბოლომდე მასწავლებლებს საშუალება აქვთ განაცხადები შემოიტანონ. თუმცა, ეს მასწავლებლები ასევე ელოდებოდნენ გამოცდების შედეგებს. საბოლოო პასუხები მათ დეკემბრის დასაწყისში ეცოდინებათ და თუ მოხდება ისე, რომ მასწავლებელი გადაწყვეტილებას გამოცდების შედეგების გაგების შემდგომ მიიღებს, ჩვენ მზად ვართ, რომ დეკემბერში დამატებითი ფანჯარა გავხსნათ ამ მასწავლებლებისთვის“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, პედაგოგთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გუშინ დაიწყო.