15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, სოფლად მცხოვრები ქალები მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ და გლობალური სოფლის მეურნეობაში ჩართული მუშახელის 43% არიან. ისინი ამუშავებენ მიწებს გამოსაკვებად, უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობას საკუთარი თემებისთვის და ქმნიან კლიმატის მდგრადობას.
სოფლად მცხოვრები ქალების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათ მიერ ქვეყნის ეკონომიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილი პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება.
სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე საზოგადოებას შეახსენებს, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა და მოუწოდებს ღირსეულად დააფასოს ისინი.