საზოგადოება
27.11.2019 11:34
შეიცვლება თუ არა უცხოური ენის ტესტები 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მომავალი წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტებში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.

„მიმდინარეობს უცხოური ენების ტესტის ერთ-ერთი დავალების აპრობაცია, რომლის შედეგების დამუშავების შემდეგ გადაწყდება, შევა თუ არა 2020 წლის ტესტში რაიმე ცვლილება“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ისტორიისა და მათემატიკის ტესტში შესული ცვლილებების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ამასთან, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. როგორც ცნობილია, ახალი მოდელი გულისხმობს გამოცდების რაოდენობის შემცირებას 4 სავალდებულო გამოცდიდან 3 გამოცდამდე. აბიტურიენტები ტესტირებას გაივლიან სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა/ისტორია; შესაბამისად, 2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. 

კვირის ამბები