„აიცერი და მოიგე“ - საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის გათამაშების დაწყებიდან ერთი თვე შესრულდა. გასული ერთი თვის განმავლობაში, ფულადი პრიზი 4 868 ვაქცინირებულმა მოქალაქემ მიიღო, რაც შეეხება გათამაშებულ თანხას, ჯამში 760 000 ლარი გათამაშდა.
დღევანდელი გათამაშების შედეგების მიხედვით, ლატარიაში ექვსმა გორელმა მოიგო, მათგან ერთი გამარჯვებული, რომელმაც ვაქცინაცია გარდაბანში ჩაიტარა, 500-ლარიანი პრიზის მფლობელი გახდა, ხუთ მათგანს კი (ხუთივე გორში აცრილი) - 100 ლარიანი მოგება ხვდა წილად.
ამასთან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა გორში აცრილმა კიდევ სამმა მოქალაქემ მოიგო 100-ლარიანი პრიზი.
რაც შეეხება ყოველკვირეულ გათამაშებას, სადაც მონაწილეებს 1000-დან 10 000 ლარამდე მოგება შეუძლიათ, ამ კვირის გათამაშებაში ფულადი ჯილდო არცერთ გორელს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ მოგების გადამოწმება საიტზე - stopcov.lotto.ge - შეგიძლიათ, რისთვისაც საჭიროა საიტზე შეხვიდეთ და ძიების ველში პირადი ნომერი მიუთითოთ. საიტზე აღნიშნულია გამარჯვებულების ინიციალები, პირადი ნომრის პირველი და ბოლო ციფრები და დასახელებულია, თუ რომელი ვაქცინითაა აცრილი პირი, ამასთან, მითითებულია გამარჯვებულის აცრის ადგილიც.
ცნობისთვის, ლატარიის კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად - 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება, 31 დეკემბერს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაიმართება, სადაც მოქალაქეებს 100 000 ლარის მოგება შეეძლებათ.