საზოგადოება
13.10.2021 11:23
საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველებს „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ აცრის ჩანაცვლება შეუძლიათ

ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, სამოგზაუროდ წამსვლელ იმ პირებს, ვისაც კოვიდსაწინააღმდეგო აცრა „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით აქვს ჩატარებული, შეუძლიათ დამატებითი აცრა „ფაიზერით“ გაიკეთონ. აღნიშნული გადაწყვეტილების საჭიროება იქიდან გამომდინარე დადგა, რომ რიგი ქვეყნები ამ დრომდე არ აღიარებენ ჩინური წარმოების ვაქცინებს და ქვეყნაში ტურისტული ან სხვა მიზნებისთვის, მხოლოდ რამდენიმე ვაქცინითი აცრილ ადამიანებს უშვებენ.

„თუ მოქალაქე უკვე აცრილია ორჯერადად „სინოვაკის“ ან „სინოფარმის“ვაქცინით, მეორე ინექციიდან გასულია მინიმუმ 28 დღე და თუ ის საზღვარგარეთ მიდის (მათ შორის, სამოგზაუროდ, სწავლისთვის ან მკურნალობისთვის) დამატებით შეუძლია აიცრას Pfizer-ით. დამატებითი აცრის საფუძველი შეიძლება იყოს სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი ან მოწვევა, ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, ან დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინაცია არ ჩატარდება“, - ვკითხულობთ დადგენილებაში.

ამასთან, როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეს არ არის „ბუსტერ“ დოზა, არამედ, ეს არის ვაქცინის „ჩანაცვლება“.

კვირის ამბები