გორის თეატრი ნიკოლაევის საერთაშორისო ფესტივლიდან პრიზებით ბრუნდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მსახიობი კობა კოპაძე ავრცელებს.
„ფესტივალიდან პრიზებით მოვდივართ, გემზე შეგვატყობინეს რომ სამი საპრიზო ადგილი გვერგო შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო რეჟისურა - დავით ჩხარტიშვილი, საუკეთესო ქალი - ლიკა კევლიშვილი, ალტერნატიულმა ჟიურმა კი, ნომინაციაში საუკეთესო ახალგაზრდა ქალი - ქეთი ლუარსაბიშვილი დაასახელა“, - წერს სოციალურ ქსელში კობა კოპაძე.
შეგახსენებთ, გორის თეატრი ნიკოლაევის მეთორმეტე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, უკრაინაში, 27 სექტემბერს გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო ფესტივალ-კონკურსში - Homo Ludens“.
მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებაში 4 ქვეყანა მონაწილეობდა. რაც შეეხება სპექტაკლს, რომელიც გორის თეატრის მსახიობებმა ითამაშეს, უცხოელმა მაყურებელმა „შეცვალე“ იხილა. სპექტაკლი გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა ალენა ივანიუშენკოს ნაწარმოების - ,,ალისა თოვლის ქვეშ“ მიხედვით დადგა.
ერთმოქმედებიან პიესაში, გ. ერისთავის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობები: ქეთი ლუარსაბიშვილი, კობა კოპაძე, გიორგი ჩოჩნიძე, ზაზა ცარულაშვილი, ლიკა კევლიშვილი, სოსო მგალობლიშვილი და თეკლა მარჯანიშვილი მონაწილეობენ.