საზოგადოება
13.10.2021 10:51
კორონავირუსის გამოვლენის გამო გორის მე-18 საბავშვო ბაღში ერთი ჯგუფი დაიხურა

კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის გამო, გორის მუნიციპალიტეტის მე-18 საბავშვო ბაღში, ერთი ჯგუფი დაიხურა, - ამის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.

როგორც კოვზიაშვილმა აღნიშნა, ინფექცია აღმზრდელს დაუდასტურდა.

„სასწავლო წლის დაწყებიდან ამ დრომდე, ჩვენს საბავშვო ბაღებში კორონავირუსული ინფექცია არ გამოვლენილა. გუშინ, გორის მე-18 საბავშვო ბაღის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა ვირუსი და მაშინვე, ოპერატიულად მოხდა ბავშვების გაყვანა სასწავლო დაწესებულებიდან და შესაბამისი ღინისძიებების გატარება - დეზინფექცია ჩაუტარდა როგორც ჯგუფს, ასევე საბავშვო ბაღის შენობას და ორი კვირით დაიხურა აღნიშნული ჯგუფი.

გარდა ამისა, გორის მე-10 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელს დაუდასტურდა კოვიდ-19. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის ტესტის პასუხი ჯერ არ ვიცით, ამ დროისთვის არ მიგვიღია ჯგუფის დახურვის გადაწყვეტილება, თუმცა, მშობლები ინფორმირებულები არიან შემთხვევის შესახებ. როცა გვეცოდინება ბავშვის კოვიდ სტატუსის შესახებ, ამის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ეს ჯგუფიც გადავიდეს თუ არა თვითიზოლაციაში.

მოვუწოდებ ყველას, დავიცვათ რეგულაციები და გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა GMnews-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სკოლადელი აღზრდის დაწესებულებების ყველა თანამშრომელი გეგმიურ ტესტირებას გადის. ასევე, ყოველდღიურად ტარდება შენობების დეზინფექცია.

კვირის ამბები