საზოგადოება
12.10.2021 14:34
ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებული წამახალისებელი ღონისძიებები იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული.

ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მყოფი ასაკის  მოსახლეობის აცრა.

„გვინდა, ორშაბათიდან მობილური ბრიგადების და ადგილობრივი ექიმების საშუალებით გავააქტიუროთ აცრები. გვინდა, რომ მოტივაცია გაჩნდეს აცრებზე, დღეს, საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იყო რამდენიმე საკითხი. მაგალითად, სოფლის მოსახლეობაზე განიხილება სპეციფიური წამახალისებელი ღონისძიებები, რაც სასოფლო - სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული და არამონეტარულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ასევე, 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის აცრა. ჩვენი მასალის საფუძველზე გაანალიზებულია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერადად აცრილებში 9-ჯერ ნაკლები გვაქვს, ვიდრე არავაქცინირებულებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმნძღვანელმა ისაუბრა აცრების სტატისტიკაზეც და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის ამ ტემპით  სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა, რომელიც წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას ითვალისწინებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

კვირის ამბები