გორის მუნიციპალიტეტის მერია მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ესეების კონკურსს აცხადებს. ღონისძიება გორის მერიის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ორგანიზებით დაიგეგმა. რაც შეეხება საკონკურსო თემატიკას, მონაწილეებმა ნამუშევრები შემდეგ თემებზე უნდა წარადგინონ: რა გავლენა იქონია პანდემიამ ჩემს უფლებებზე; მე ვირჩევ თანასწორობას; მრავალფეროვანი და ტოლერანტული გარემო; მე ვირჩევ არაძალადობრივ გარემოს; მე მაქვს განათლების უფლება; რატომ ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს; რას მაძლევს წიგნიერება.
ცნობისთვის, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII კლასები) მოსწავლეები.
როგორც გორის მერიის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებაში აცხადებენ, ესე უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე, ქართული შრიფტით Sylfaen, MS Word-ის ფორმატში, შესაძლებელია ნაშრომი წარმოდგენილი იყოს ხელნაწერის სახითაც.
ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან. ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;
შეფასების კრიტერიუმები: თემასთან შესაბამისობა; თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარები; გრამატიკულად და შინაარსობლივად გამართული ტექსტი.
„საკონკურსო კომისია სამ გამარჯვებულს გამოავლენს 20 ნომბერს, მსოფლიო ბავშვთა დღეს. გამარჯვებულებს გადაეცემათ წიგნების მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ ვაუჩერები. I ადგილზე გასული გამარჯვებული - 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით, II ადგილზე გასული გამარჯვებული - 150 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით, ხოლო III ადგილზე გასული გამარჯვებული - 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდება. ამასთან, გამოვლინდება ესეების საუკეთესო ათეული, რომელიც შემდგომ გამოიცემა კრებულის სახით. გარდა ამისა, ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი“, - აღნიშნავენ გორის მერიის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებაში.
ნამუშევრების წარდგენის ვადა 29 ოქტომბერს, 18:00 საათზე იწურება, დაგვიანებით მიღებული ესეები არ განიხილება. საკონკურსო ნაშრომების წარდგენა შესაძლებელია გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგ მისამართზე: გრიგოლ ფერაძის N5.
აგრეთვე ელექტრონულ მისამართზე info@gori.gov.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „ესეების კონკურსი მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით“.