საზოგადოება
12.10.2021 11:23
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დისტანციური სწავლების მოდელი 104 მოსწავლის მშობელმა აირჩია

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დისტანციური სწავლების მოდელი 104 მოსწავლის მშობელმა აირჩია, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, სწავლის განახლების შემდეგ, დისტანციურად სწავლის მსურველთა რაოდენობა არ შეცვლილა.

„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სასწავლო წელს, მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, დისტანციურად სწავლის გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღონ. თუმცა, ამის დაფიქსირება მხოლოდ ხუთშაბათ დღესაა შესაძლებელი. სწავლის საკლასო ოთახებში განახლებამდე დისტანციური სწავლების მოდელი 104-მა მშობელმა აირჩია, სასწავლო კვირის განმავლობაში ეს რიცხვი არ შეცვლილა“, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მშობელს განაცხადის დაფიქსირება შეუძლია როგორც სატელეფონო ზარით სკოლის ადმინისტრაციასთან, ასევე, სკოლაში ვიზიტით, გარდა ამისა, დისტანციური სწავლების მსურველებს შეუძლიათ ონლაინრეგისტრაცია გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge. 

ცნობისთვის, მშობლებს დისტანციურ სწავლაზე გადასვლის სურვილის დაფიქსირება შეეძლებათ ყოველ ხუთშაბათს, სკოლა განაცხადს ასახავს პარასკევს და ორშაბათიდან მოსწავლე დისტანციურ კლასში განაგრძობს სწავლას. რაც შეეხება დისტანციურიდან დასწრებით სწავლაზე გადასვლის სურვილს, ამ შემთხვევაშიც, განაცხადი ხუთშაბათ დღეს უნდა დაფიქსირდეს.

კვირის ამბები