საზოგადოება
11.10.2021 15:51
მოსწავლეების კორონავირუსით ინფიცირების გამო სწავლის დისტანციური რეჟიმი გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის კიდევ 5 კლასში ამოქმედდა

GMnews-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლაში კორონავირუსით მოსწავლეების ინფიცირების კიდევ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.

დღეის მონაცემებით, გასული კვირის შემდეგ, გორის მეათე და კარალეთის პირველ საჯარო სკოლებში გამოვლენილი ვირუსის გამო, დისტანციურ რეჟიმზე კიდევ ოთხი კლასი გადავიდა. კორონავირუსული ინფექცია გამოვლინდა სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის კიდევ ერთ კლასშიც.

აღნიშნული ინფორმაცია GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაუდასტურეს. უწყების ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის საფუძველზე, კლასები, სადაც ინფექციის შემთხვევები გამოვლინდა, ხვალიდან გადავლენ სწავლების დისტანციურ ფორმაზე.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირების ფაქტები გამოვლენილია გორის მესამე, მეშვიდე, მეთორმეტე საჯარო სკოლების, ასევე, სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში. მთლიანობაში, გორის მუნიციპალიტეტის 6 სკოლის 13 კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.მოსწალეების გარდა, გეგმიური ტესტირების შედეგად, covid-19 აღმოჩნდა 3 პედაგოგსაც, რომლებიც ასევე დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

კვირის ამბები