შიდა ქართლში, სურამში, საბავშვო კურორტის ფუნქციის აღორძინება იწყება. იგეგმება ბუნებრივი პირობებისა და მინერალური წყლების რესურსების სწორად გამოყენება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის მოწესრიგება, არქიტექტურულ-ესთეტიკური იერ-სახის გაუმჯობესება.
,,რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარება და განსაკუთრებით ტურისტულ თუ საკურორტო ზონებში, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოცხადებული ჰქონდა კონკურესი სურამის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე. უკვე შეირჩა კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს. რაც შეეხება პრიორიტეტებს, განაშენიანების გეგმის შემუშავებისას პრიორიტეტულად საკითხებია საბავშვო კურორტის ფუნქციის აღორძინება, ბუნებრივი პირობებისა და მინერალური წყლების სწორად გამოყენება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის მოწესრიგება, არქიტექტურულ-ესთეტიკური იერ-სახის გაუმჯობესება, ქაოსური სამშენებლო სამუშაოების წარმოების რისკების შემცირება, მოკლედ, სურამი ერთ-ერთ სანტერესო და კომფორტულ დასასვენებელ ადგილად იქცევა“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
სურამი სამთო-კლიმატური კურორტია საქართველოში, რომელიც შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 740 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, 1926 წლიდან, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია, რომლის პროფილიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური, ართროლოგიური, ნევროლოგიური.
სურამის ჰავას განსაკუთრებული მნიშვნელობა ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად.