ხვალიდან, 12 ოქტომბრიდან სააღმზრდელო პროცესი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საბავშვო ბაღებშიც განახლდება - აღნიშნულის შესახებ GMnews-სთან გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა.
„მოგეხსენებთ, გარკვეული პრობლემის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება. ამ დროისთვის, შეფერხება აღარ არსებობს, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით და სასწავლო პროცესი დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით განახლდება. გამონაკლისია მხოლოდ სკრის, კარალეთის N1, შერთულის და შინდისის საბავშვო ბაღებში სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ლია კოვზიაშვილის თქმით, სასწავლო პროცესის დაწყების პირველ ეტაპზე, ქალაქის მსგავსად, სოფლებში არსებულ საბავშვო ბაღებშიც თავისუფალი დასწრების რეჟიმი იმოქმედებს. რაც შეეხება აღსაზრდელების ბაღში მიღების საათებს, თავშეყრის არიდების მიზნით მიღება 9:00- დან 10:00 საათამდე მოხდება.