ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღეს საქართველოში გლოვის დღეა
11 ოქტომბერი გლოვის დღედ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.
ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.
სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.
კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის სამი მცირეწლოვანია.
შეგახსენებთ, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე, ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. სემთხვევის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი.
მომხდარ ფაქტზე დაკავებულია 3 პირი. გამოძიება გრძელდება.