საზოგადოება
09.10.2021 12:56
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.

ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.

კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად არიან დაღუპულები და დაშავებულები. შენობის ნანგრევებში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ.

და­ღუ­პუ­ლი 6 პირიდან 4 ერთი ოჯა­ხის წევრია. გარდაცვლილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და მაზლი. 35 წლის ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ღამის განმავლობაში გული 4-ჯერ გაუჩერდა, დღეს, დაახლოებით 10 საათისთვის, ინგა მეკეიძე კლინიკაში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მისი 2 შვილი -1 და 9 წლის ბავშვები. ორივე არასრულწლოვანი გარდაცვლილი იყო. ბავშვებთან ერთად მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს მათი ბიძაც, რომელიც ახლობლების თქმით, უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო და ძმის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე 3 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზაურ ბუდატოვმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის 2 პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი პირი კი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი მძიმე მდგომარეობაშია.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. შემთხვევის ადგილზე 300-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ამ დროისთვის უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი იმყოფება ნანგრევების ქვეშ.

კვირის ამბები