მთავრობის ხელმძღვანელის ახალი ბრძანების საფუძველზე, სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ, სრულად ვაქცინირებულები კი ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან.
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილება დღეიდა შევიდა.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე: ა) სრულად (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით) ვაქცინირებული პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR მეთოდით;
ბ) არასრულად ვაქცინირებული (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 1 დოზით) და/ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს სკოლის ექიმის და/ან ამ მიზნით სპეციალურად გადამზადებული სხვა პერსონალის მიერ (იმ პირობით, რომ პერსონალის გადამზადება განხორციელდება ეროვნული ცენტრისა და მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ, ტესტებითა და საკვლევი ნიმუშის ასაღები მასალებით მომარაგდებიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხოლო ჩატარებული ტესტების თაობაზე ინფორმაცია დარეგისტრირდება შესაბამისი სკოლის პერსონალის მიერ ტესტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში).
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სკოლების პერსონალის მხოლოდ 68%-ია აცრილი.