დღეიდან, 8 ოქტომბეიდან, ექიმები და ექთნები, რომლებიც მოქალაქეებს კოვიდსაწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობაში დაარწმუნებენ და ვაქცინაციაში ჩართავენ, თითო პირზე სახელმწიფოსგან 20 ლარს მიიღებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„მივედით იმ ეტაპზე, როდესაც რთულია, რომ ადამიანი პირისპირ კომუნიკაციის გარეშე დაარწმუნო აცრის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში. თუ ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებულ მოქალაქეს ეტყვის, რომ აცრა არის საშიში, აბსოლუტურად წყალში გადაყრილია ყველა ძალისხმევა, რომელიც ჩვენ შეიძლება გავწიოთ. ოჯახის ექიმი და ექთანი ნებისმიერ შემთხვევაში დიდი ზეგავლენის მატარებელია, განსაკუთრებით - სოფლად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ექიმები მეტად აქტიურად და სერიოზულად დაკავდნენ კონსულტაციის პროცესით. ახალი სქემა ნიშნავს იმას, რომ 8 ოქტომბრიდან იწყება აქტიური კონსულტაციები ოჯახის ექიმებთან და ექთნებთან, რომ მათ დაიწყონ მუშაობა თავიანთ მოსახლეობასთან. ეს არის სტანდარტული კონსულტაცია, 20 ლარი არის ერთ პირზე, რომელიც შემდეგ ნაწილდება და მოიცავს მცირე ადმინისტრაციულ ხარჯს და დანარჩენი არის პერსონალის ხელფასი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.