საზოგადოება
07.10.2021 14:12
საქართველოში არსებული ვაქცინებიდან რომლით აცრის შემთხვევაშია რეკომენდებული „ბუსტერ“ დოზა

„ბუსტერ“ დოზა არ ეხება ყველა ვაქცინას, - ამის შესახებ საქართველოს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს. ჩხაიძის განმარტებით, საქართველოში არსებული ვაქცინებიდან ყველა მათგანი იმუნიტეტს სხვადასხვა ხანგრძლივობით ინარჩუნებს.

,,საქართველოში არსებული 4 ვაქცინიდან „ასტრაზენეკას“ აქვს გაცხადებული, რომ მისი ვაქცინა ორი დოზის გაკეთების შემდგომ არ საჭიროებს გაძლიერებას -  „ბუსტერს“, ვინაიდან მისი იმუნიტეტი გრძელდება ხანგრძლივად.

რაც შეეხება ,,ფაიზერს“, მწარმოებელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ განიხილავდა აუცილებლობად მისი ვაქცინის გაკეთებიდან 6-12 თვის პერიოდში გამაძლიერებელი „ბუსტერ“ დოზის გამოყენებას. ამასთან, დადგენილია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ მნიშვნელოვნად კარგავს თავის დამცველობით ძალას. საქართველოში ყველაზე მეტია იმ ადამიანების ოდენობა, ვინც „ფაიზერი“ გაიკეთა. მათ ექნებათ შესაძლებლობა „ბუსტერის“ მიღების, რა თქმა უნდა, გარკვეული ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწიებით. ასაკობრივი ჯგუფი განისაზღვრა, მოქალაქეებს „ბუსტერ“ დოზის გაკეთება 50 წლის შემდეგ შეუძლიათ. რაც შეეხება, 50 წლამდე ასაკს, ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ის ჯგუფები, სადაც ეს ვაქცინაცია არის აუცილებელი. ეს არის ქრონიკული დაავაადების მქონე 16-იდან 49-მდე ასაკის კატეგორია, მათ შეუძლიათ გაიკეთონ „ფაიზერის“ „ბუსტერ“ დოზა.

„სინოფარმსა“ და „სინოვაკთან“ დაკავშირებით ბუსტერ დოზის საკითხი კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია, რადგან „სინოფარმთან“ მიმართებით არ არის დაფიქსირებული, რომ მას სჭირდება გაძლიერება. თუ თქვენ სტანდარტულად მოქმედებთ და იკეთებთ „ბუსტერს“, ეს არის მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვე“, -  განაცხადა საქართველოს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები