საზოგადოება
26.11.2019 16:26
29 ნოემბერს ,,შავი პარასკევია, რა უნდა ვიყიდოთ და და არა - ანალიტიკოსების რჩევები

,,შავი პარასკევი“ მოახლოვდა, შესაბამისად, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში სავაჭრო ობიექტებიც და მომხმარებლებიც მასშტაბური ვაჭრობისთვის ემზადებიან. ბოლო რამდენიმე წელია, ეს ტრადიცია საქართველოშიც დამკვიდრდა და უამრავი მაღაზია სერიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს. წელს, ,,შავი პარასკევი“ 29 ნოემბერსაა. საქართველოს დიდი სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 29 ნოემბერს ღამის 12 საათამდე მუშაობენ. 

,,შავი პარასკევის“ ტრადიცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს სათავეს. ეს არის დღე, რომელიც მადლიერების დღის მეორე დღეა და საშობაო ვაჭრობის დასაწყისად მიიჩნევა. მთელი წლის განმავლობაში, ვაჭრობის მხრივ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე შეერთებულ შტატებში.

ფასდაკლებების ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა, ტერმინი „შავი პარასკევი“, XX საუკუნიდან,  1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი. სხვადასხვა წელს, „შავი პარასკევი“ ხვდება 23-იდან 29 ნოემბრამდე შუალედში. წელს 29 ნოემბერსაა.

საქართველოში ამ დღეს საკმაოდ მწირი ფასდაკლებებია. მაღაზიათა უმეტესობას დაახლოებით 20-30% - იანი ფასდაკლება აქვს და ეს მაშინ, როცა აშშ-ის მაღაზიებში 80%-მდე ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.

სხვადასხვა უცხოური გამოცემა ცნობილი ანალიტიკოსის, სარა სკრიბოლის რჩევებს სთავაზობს მომხმარებელს. სკრიბოლის მოსაზრებით, ,,შავ პარასკევს“ არ უნდა ვიყიდოთ:  ჯანმრთელობასთან და ფიტნესთან დაკავშირებული მოწყობილობები და ნივთები; თეთრეული; საოჯახო ტექნიკა; ავეჯი; ბოლო მოდელის სმარტფონები. ანალიტიკოსის აზრით, ჩამოთვლილ პროდუქციაზე ამ დროს არახელსაყრელი ფასებია.

რა უნდა ვიყიდოთ ,,შავ პარასკევს“: ფასდაკლებები ძირითადად ეხება ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ამ კატეგორიებშია მოქცეული სეზონური კოლექციები, რომლებიც შესაძლოა აღარ იყოს ისეთი აქტუალური და შესაბამისად, მაღაზიებს სურთ მათგან განთავისუფლება. დიდი ფასდაკლებები ძირითადად ვრცელდება ქვედა და საშუალო ფასების სეგმენტზე. ისე, რომ საეჭვოა, იყიდოთ რაიმე განსაკუთრებული და იშვიათი ნივთი ან დიზაინერული ნამუშევარი დიდი ფასდაკლებით.

და კიდევ ერთი რჩევაც – შესაძლოა დაბალმა ფასებმა დაგაბნიოთ და არასაჭირო  ნივთიც კი იყიდოთ, ამიტომ შეეცადეთ წინასწარ შეადგინოთ სია, რის შეძენას ისურვებდით.

კვირის ამბები