უკვე ცივი სეზონია და მოვა სხვა რესპირაციული ვირუსებიც, ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება გრიპი. ახალი ტერმინი გაჩნდა ე.წ. ტვინდემია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდება ამ ორი ინფექციის დატყუპება, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა - ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობაც წამოვიდა ქვემოთ. მაგრამ ბოლო სამი დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ჩვენ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახლი შემთხვევების ზრდა და ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ამ პროცესს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს. ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დავარდა, 9 ათასის ფარგლებში ვართ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში და ეს არის სამჯერ ნაკლები ვიდრე აგვისტოში და 2,5-ჯერ ნაკლები ვიდრე სექტემბერში გვქონდა.
მასთან, უკვე ცივი სეზონია და მოვა სხვა რესპირაციული ვირუსებიც, ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება გრიპი. ახალი ტერმინი გაჩნდა ე.წ. ტვინდემია - მოხდება ამ ორი ინფექციის დატყუპება. თუ არ ავიცერით და იმუნური ფენის კრიტიკული მასა არ დაგროვდა, რაც დღეს 55%-ის ფარგლებში გვაქვს და 80%-მდე უნდა გვქონდეს, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, იმუნიზაციის საბჭომ დღეს მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გაკეთებას 50 წლის ზემოთ ადამიანებში, ასევე ნებისმიერი ასაკის იმ ადამიანის შემთხვევაში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებში.