იმუნიზაციის საბჭომ ბავშვების ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, ამ ეტაპზე, 12-15 წლის მოზარდების კატეგორიაში აცრის გადაწყვეტილება ინდივიდუალურ საფუძველზე მიიღება.
„12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიიღო ფართო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე ბავშვებზე. აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში ჩაიტარა უკვე ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, დღევანდელ სხდომაზე, იმუნიზაციის საბჭომ ასევე მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გაკეთებას 50 წლის ზემოთ ადამიანებში, ასევე ნებისმიერი ასაკის იმ ადამიანის შემთხვევაში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებში.