საზოგადოება
06.10.2021 11:44
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ნაწილმა სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განაახლა
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ნაწილმა სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განაახლა.
„გორის საბავშვო ბაღებში 2021-2022 სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო. თითოეულ აღსაზრდელს, მშობლებს და ბაღის პერსონალს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და ყველანაირი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, დღეს დილიდან დაიწყო“, - ნათქვამია სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლო პროცესის დაწყების პირველ ეტაპზე, საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი იმოქმედებს. რაც შეეხება აღსაზრდელების ბაღში მიღების საათებს, თავშეყრის არიდების მიზნით, მიღება 9:00- დან 10:00 საათამდე მოხდება.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ბაღებს, სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი ეტაპობრივად განახლდება.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლის დაწყების შეფერხები მიზეზი ბუნებრივ აირთან დაკავშირებით არსებული ტექნიკური პრობლემა გახდა.
კვირის ამბები