კონფლიქტები
05.10.2021 16:02
ცხინვალიდან გათავისუფლებული მამაკაცი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მირ გამყოფ ხაზთან დაკავებული მამაკაცი, რომელიც ცხინვალიდან ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გამოიყვანა, გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული

ჰოსპიტლის ტრავმატოლოგის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, პაციენტს სხივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

,,პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტლის მიმღებ განყოფილებაში. პირველადი დათვალიერებით მას აღენიშნება სხივის ძვლის მოტეხილობა. შესაძლებელია ასევე იყოს საჯდომი და ბოქვენის ძვლის მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მიმდინარეობს კვლევები, რის საფუძველზეც დაზუსტდება დაზიანებები", - განაცხადა ჰოსპიტლის ტრავმატოლოგ-ორთოპედმა შალვა გოდერძიშვილმა.

ექიმის განცხადებით, პაციენტს არაფერი უთქვამს ფიზიკურ ზეწოლაზე.

,,ამ ტიპის დაზიანების მექანიზმი შესაძლოა იყოს საყოფაცხვორებო ტიპის ტრამვაც, ასევე სხვა მრავალი მექანიზმი, ზუსტად, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. თავად არ აღუნიშნავს ფიზიკური დაზიანების, ვთქვათ, ცემის ფაქტი", - განაცხადა შალვა გოდერძიშვილმა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის სხივის ძვალი არის დაფიქსირებული თაბაშირის ნახვევით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას ადგილზე გაეწია გარკვეული სამედიცინო დახმარება.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს საქართველოს 3 მოქალაქე გუშინ დააკავეს.

კვირის ამბები