კონფლიქტები
05.10.2021 14:10
გამყოფი ხაზის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამივე დაკავებული ლიახვის ხეობიდან დევნილია.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

,,საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.

უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. უკანონოდ დაკავებული ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით.

ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

კვირის ამბები