სამართალი
26.11.2019 14:04
გორში დაჭრილი 18 წლის ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

გორში დაჭრილი 18 წლის ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ჯარისკაცია, თუმცა, შემთხვევის დროს, იგი დათხოვნაში იმყოფებოდა. შემთხვევა გორის ერთ-ერთ რესტორანში, ღამის საათებში მოხდა.

,,გორმედის" ქსელის ანესთეზიოლოგიურ-რეანიმაციული სამსახურის უფროსის განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. „პაციენტი შემოყვანილი იქნა წუხელ, ღამის საათებში მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობებით. განთავსდა გადაუდებელი მედიცინის გამყოფილებაში და ჩაუტარდა ამ პათოლოგიის შესაბამისი სტანდარტული კვლევები. გადაუდებელი წესით ჩაუტარდა ოპერაცია ზოგადი ბალანსირებული ანესთეზიით, შუა ლაპარატომია, მუცლის ღრუს რევიზია, ღვიძლისა და კუჭის მთლიანობის აღდგენა, სანაცია და დრენირება. პაციენტი ოპერაციის შემდგომ გადაყვანილი იქნა რეანიმაციის განყოფილებაში. გამთენიისას მოხერხდა რესპირატორული მხარდაჭერის შეწყვეტა და პაციენტის გადაყვანა სპონტანურ სუნთქვაზე. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ტატო ქაჯაიამ. 

შსს-ს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.  მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კვირის ამბები