საზოგადოება
02.10.2021 20:00
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია. საარჩევნო პროცესი ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა და შესაბამისად, უბნებიც დაიხურა.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი. თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, გორის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 38.44 %-ს შეადგენდა, რაც რაოდენობრივად 43 284 ამომრჩეველს გულისხმობს. ცნობისთვის, გორის საარჩევნო ოლქში სულ 112 631 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კვირის ამბები