ამ დროისთვის, გორის №32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 4 საჩივარია დაწერილი, მათგან ერთი საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას სცილდება, - ამის შესახებ გორის №32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა განაცხადა.
მირუაშვილის თქმით, მთლიანობაში, საჩივრები იმდენად უმნიშვნელო პროცედურულ საკითხებზეა დაწერილი, რომ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე.
„საჩივრებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ამ დროისთვის, ოლქში დაწერილია 4 საჩივარი, აქედან ერთი არ განეკუთვნება საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას, ეს ეხება 100-მეტრიანი სააგიტაციო დისტანციის დაცვის თემატიკას, რომელიც არ შედის საარჩევნო კომისიის კომპეტენციაში. სამი საჩივარი არის მცირედ პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით დაწერილი, რაზეც შესაბამისი რეაგირება უკვე მოხდა, თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ერთი საჩივარი არის არაუფლებამოსილი პირის მიერ დაწერილი. მთლიანობაში, ეს საჩივრები დაწერილია იმდენად უმნიშვნელო პროცედურულ საკითხებზე, რაც ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა მალხაზ მირუაშვილმა.