გორის ციხის მიმდებარედ არსებული ქუჩა, რომელიც დღესდღეობით აკაკი წერეთლის სახელს ატარებს, ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა გორში. როგორც ცნობილია, ვიდრე ახლანდელ სახელწოდებას შეიძენდა, აღნიშნულ მონაკვეთს რამდენჯერმე შეეცვალა სახელი. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში მას „ოქონის ქუჩას“ უწოდებდნენ (აქ მდებარე ტაძრის გამო), ოდნავ მოგვიანებით კი, ამ ქუჩაზე ცენტრალური აფთიაქი გახსნილა და მოსახლეობასაც „აფთიაქის ქუჩა“ შეურქმევია. სხვა წყაროებზე დაყრდნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების სიმრავლის გამო, მას „სობოროს ქუჩა“ („სობორო“ ძვ. სლავური სიტყვაა და საკათედრო ტაძარს ნიშნავს, GMnews -ი.) ეწოდებოდა. გორის მემატიანე, ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი კი,ზემოხსენებული ქუჩის სახელდების ცნობებს, საკუთარ ნაშრომში, ერთ-ერთ ბეჭდვურ გამოცემაზე დაყრდნობით გვაწვდის.
1915 წლის 27 იანვარს საჩხერედან დეპეშა მოვიდა, რომლიდანაც გორელებმა აკაკის გარდაცვალება გაიგეს. გაზეთი „ახალი ქართლი“ იუწყებოდა: „ელვის სისწრაფით მოედო გორს აკაკის გარდაცვალების ამბავი. 27 იანვარს საღამოს 6 საათზე გორის მოსწავლე-ახალგაზრდათა თაოსნობით გადახდილი იქნა პანაშვიდი საკრებულო ტაძარში... ეკლესია გადაჭედილი იყო ხალხით. დეკანოზმა კაპანაძემ მგრძნობიარე სიტყვა წარმოთქვა “. იმავე გაზეთის მიხედვით, „27 იანვარს, საღამოს 7 საათზე ქალაქის მოურავის მოწოდებით ქალაქის მმართებლობის დარბაზში შეიკრიბა გორის საზოგადოება და თათბირი გამარტა იმის შესახებ თუ როგორ სცეს პატივი აკაკის ხსოვნას“. აკაკის უკდავსაყოფად მაშინ ეწოდა სობოროს ქუჩას აკაკი წერეთლის სახელი.
მასალა მომზადებულია ისტორიკოს ელდარ მამისთვალიშვილის ნაშრომის -„გორის ისტორია“ (მეორე ტომი), 2019 წლის გამოცემის მიხედვით.