საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კამპანიის პერიოდისგან განსხვავებით, კენჭისყრის დღეს მთელი რიგი აკრძალვები მოქმედებს. კერძოდ, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნიდან 100-მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა დაუშვებელი იქნება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
აკრძალულია საარჩევნო უბანზე წინასაარჩევნო აგიტაცია. ამავდროულად, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება დაუშვებელია, ამ შინაარსის მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟსა და აღებას ექვემდებარება.
აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე.
კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება.