„ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საკუთარი არჩევანი გორის მე-6 საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე გააკეთა. ხინჩეგაშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„ეს არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და თავისთავად, მთლიანად ქვეყნისთვის. ბუნებრივია, გამარჯვების განწყობა მაქვს, უფრო მეტიც - დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში“, - განაცხადა ხინჩეგაშვილმა.
გორელებს მერის არჩევა დღეს ოთხ კანდიდატს შორის მოუწევთ: ეთერ ჯალაღანია, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“; ვასილ მახარაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; კონსტანტინე ანანიაშვილი, „გახარია - საქართველოსთვის“; ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
გორის №32-ე საარჩევნო ოლქში 106 ძირითადი და 1 სპეც. უბანი მოქმედებს, სადაც 112 631 ამომრჩეველია რეგისტრირებული.