საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. სააკაშვილის დაკავების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარ ინფორმაცია მისი გადადგილების შესახებ. დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით. ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრებს ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებამ აიყვანა.